2011 წლის შედეგები, სამომავლო სტრატეგია და გეგმები.
2011 წელი “პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის” მორიგი წარმატებული წელიწადი იყო. ბანკმა შეინარჩუნა მტკიცე საბაზრო პოზიცია და კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისათვის. გაიზარდა როგორც ბანკის კლიენტების რაოდენობა, ასევე საბანკო ოპერაციების მოცულობა, ხოლო წმინდა მოგებამ 19.7 მილიონი ლარი (11.8 მილიონი დოლარი), ამონაგებმა საკუთარ კაპიტალზე კი (ROE) 15.9% შეადგინა.
2011 წლის ბოლოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings პროკრედიტ ბანკის რეიტინგი “BB-“-დან “BB”–მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით. ამრიგად, პროკრედიტ ბანკი კვლავ საუკეთესო და საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგის მფლობელია.
საკრედიტო პორტფელი: 2011 წელს ბანკის საკრედიტო პორტფელი 23%-ით გაიზარდა და 682 მილიონ ლარი (409 მილიონ აშშ დოლარი) შეადგინა. წლის განმავლობაში ბანკი ორიენტირებული იყო საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე; ამასთან გაიზარდა დაკრედიტება ძირითადი სეგმენტისთვის - ძალიან მცირე და მცირე ბიზნესებისთვის. ვადაგადაცილებული (30 დღეზე მეტი) სესხების წილი პორტფელში მხოლოდ 1.16% იყო.
ანაბრები: ფიზიკური პირების მომსახურების კუთხით, პროკრედიტ ბანკი აპოზიციონირებს თავს როგორც ბანკი მცირე და საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისთვის. 2011 წელს, კლიენტთა მთლიანი სახსრები 15%-ით გაიზარდა და 513 მილიონი ლარი (310 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო ანგარიშების მთლიანმა რაოდენობამ 10.2%-ით მოიმატა. 2011 წელს კლიენტების მოპოვების მიზნით ბანკებს შორის ანაბრებისთვის კონკურენცია გამძაფრდა. პროკრედიტ ბანკი კვლავ სტაბილურ და სანდო ბანკის იმიჯს ინარჩუნებდა, რომელიც კლიენტებს სამართლიანი და გამჭვირვალე პირობებით ემსახურება.
ფინანსური შედეგები: პროკრედიტ ბანკმა წელი 19.7 მილიონი ლარის (11.8 მილიონი აშშ დოლარის) წმინდა მოგებით დაასრულა. მომგებიანობა განაპირობა კლიენტების მაღალმა აქტივობამ, საპროცენტო განაკვეთების მაღალმა მარჟამ და საკომისიო შემოსავლის ზრდამ; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკრედიტო პორტფელის მაღალმა ხარისხმაც.
საბანკო მომსახურება ერთ წერტილში: 2011 წლის იანვარში ბანკმა დანერგა მომსახურების ახალი კონცეფცია - “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში”, რათა კლიენტებისთვის უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურება შეეთავაზებინა.
ახალი სისტემა კლიენტებს საშუალებას აძლევს 2000 ლარამდე (1000 აშშ დოლარამდე) საბანკო ოპერაციები განახორციელონ პირდაპირ კლიენტთა მრჩეველთან, რომელიც მოლარის ფუნქციასაც ითავსებს. ამრიგად, კლიენტებს სალაროსთან მისვლის გარეშე შეუძლიათ ისარგებლონ უფრო სწრაფი მომსახურებით.
წლის განმავლობაში სისტემა “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” ყველა ფილიალში დაინერგა. შედეგად, 250-ზე მეტი სამუშაო მაგიდა აღიჭურვა სალაროებით და 62-ივე ფილიალში გაძლიერდა დაცვის სისტემა.
ფილიალის ახალი დიზაინი: მომსახურების ახალი კონცეფციის ასახვის მიზნით, თბილისისა და რეგიონების ფილიალების უმეტესობა გარემონტდა ახალი დიზაინის შესაბამისად. შედეგად, ახალგარემონტებულ ფილიალებში შეიქმნა სასიამოვნო სამუშაო პირობები თანამშრომელთათვის, ხოლო კლიენტებისათვის - კომფორტული გარემო.
ფილიალის ქსელის გაფართოვება: რეგიონალური ქსელი გაფართოვდა ახალი ფილიალების გახსნით სამტრედიასა და ახალციხეში. ამით ბანკმა დაიწყო ამ ორი ქალაქისა და მიმდებარე მოსახლეობის მომსახურება, განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობაზე. ბათუმის ფილიალებს შეემატა ახალი სერვის ცენტრი, რომელიც კლიენტებს გახანგრძლივებული საათებით ემსახურება ზაფხულის სეზონზე. ქუთაისის 3 ფილიალიდან ერთ-ერთი გადატანილ იქნა ახალ შენობაში, უკეთეს ადგილზე. ახალი სერვის-ცენტრები გაიხსნა დიდ დიღომსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ახლადრესტავრირებულ აღმაშენებლის გამზირზე. გაფართოვებული ფილიალების ქსელით ბანკი კიდევ უფრო ახლოს არის კლიენტებთან და მათ ხარისხიან, სწრაფ და სანდო საბანკო მომსახურებას უწევს.
თანამშრომელთა პროფესიული განვითარება: B პროკრედიტ ბანკი კვლავ განაგრძობს ზრუნვას თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათი კომპეტენციის ამაღლებაზე. 2011 წელს ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო თანამშრომელთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში. მაღალკვალიფიციური კადრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიენტებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევაში. გაგრძელდა ჯგუფის მასშტაბით განხორციელებული თანამშრომელთა ტექნიკური ცოდნის ამაღლების ინიციატივა. 2011 წელს ყველა თანამშრომელმა გაიარა ფინანსური მათემატიკისა და ბუღალტერიის კურსი. საშუალო რგოლის მენეჯერებმა კი მენეჯმენტისა და ინგლისური ენის კურსები გაიარეს მაკედონიის რეგიონალურ აკადემიასა და პროკრედიტ აკადემიაში (გერმანია).
ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამა: B პროკრედიტ ბანკი პირველი ბანკი იყო საქართველოში, რომელმაც 2011 წელს “ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამა” წამოიწყო. ეს არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა პროფესიონალთათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 6-თვიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ შესავალ კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში. კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. პროგრამის დასრულების შემდეგ წარჩინებულ მონაწილეებს პროკრედიტ ბანკში დასაქმების რეალური პერსპექტივა აქვთ.
აგრო-კამპანია: B2011 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია. პროკრედიტ ბანკმა განაგრძო აგრო-სექტორის განვითარების მხარდაჭერა რეგიონალური გაფართოვებითა და აგრო-კლიენტებისთვის მომსახურების სრული პაკეტისა და მრავალწლიანი გამოცდილების შეთავაზებით.
სოციალური პასუხისმგებლობა: პროკრედიტ ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ინსტიტუტი, ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში. 2011 წელს ბანკმა 20 000 აშშ დოლარი გამოყო ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. ნაკრძალის ტერიტორიის სუფთად შენარჩუნების მიზნით, ბანკმა ნაკრძალის ადმინისტრაციას გადასცა 60 ნაგვის ურნა. ამას გარდა, ბანკის თანამშრომლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა პარკის დასუფთავებაში.
სოციალური პროექტი “პროარტ ფოტოგრაფია”: წლის ბოლოს ბანკმა სპეციალური მიღება გამართა, რომელზეც პროექტის “პროარტ ფოტოგრაფია” მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიებით აღინიშნა პროექტის დასრულება, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეულ 60-მდე მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები, საშუალება ქონდა გამოეფინათ ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის დასასრულს, გამოიცა სპეციალური კატალოგი, რომელიც მონაწილეებს, ბანკის პარტნიორებსა და კლიენტებს გადაეცათ.
2012 წლის პერსპექტივა და სამომავლო გეგმები:
2012 წელს ბანკი განაგრძობს 2011 წელში წამოწყებული პროექტების დანერგვას, რომლებიც მიმართული იყო მომსახურების სისწრაფისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ. 2012 წელს ძირითადი ძალისხმევა არსებული ფილიალების გარემოტებას დაეთმობა; რამდენიმე ფილიალისთვის შეირჩევა უკეთესი მდებარეობა. ახალი ფილიალი შენდება მარნეულში, რომლის გახსნა 2012 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი; მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისათვის ახალი ბიზნეს ცენტრები გაიხსნება ბათუმსა და თბილისში, თავისუფლების მოედანზე.
ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დასრულდება 2012 წლის ზაფხულში. თანამედროვე, 12000 კვმ შენობა, მიმდებარე პარკითა და მიწისქვეშა ავტოსადგომით, 3 ფუნქციას გააერთიანებს: სათავო ოფისი, ტრენინგ ცენტრი და ბანკის ცენტრალური ფილიალი. 7-სართულიან შენობას შუშის ჭერიანი ატრიუმი აქვს; ამ უზარმაზარი სივრცეში, სადაც კლიენტების სასიამოვნო გარემო დახვდებათ, ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ ბანკის საქმიანობა წარიმართოს მაქსიმალური ეფექტურობით. შენობა აგებულია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უმკაცრესი დაცვით. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ნათლად გამოხტავს პროკრედიტ ბანკის შორს მიმავალ გეგმებს თანამშრომლებისა და საქართველოს მიმართ.
ვინაიდან პროკრედიტ ბანკს მიაჩნია, რომ ყველაზე ღირებული აქტივი მისი კადრებია, 2012 წელს კვლავ პრიორიტეტად დარჩება თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და ტრენინგები.
მაია მერედოვა, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი:
მთლიანობაში, 2011 წელი პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის მორიგი წარმატებული წელი იყო. ბანკმა მოახერხა საბანკო ბაზარზე ძლიერი პოზიციის შენარჩუნება და გააძლიერა ძალისხმევა ფიზიკური პირების და მისი ძირითადი მიზნობრივი ჯგუფის – ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესის - სანდო, მარტივი და პასუხისმგებლიანი მომსახურების მიწოდების კუთხით.
ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო ფილიალების დიზაინსა და სარემონტო სამუშაოებში, ხოლო მომსახურების ეფექტურობის გასაზრდელად რამდენიმე პროექტი დანერგა; ამის შედეგად განახლებულ ფილიალებში მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა. პროფესიონალმა და ერთგულმა თანამშრომლებმა დიდი როლი შეასრულეს ახალი კლიენტების მოზიდვასა და ბანკის წარმატებული ბიზნეს-შედეგების მიღწევაში.
წარმატებული საქმიანობი დასტურია ბიზნეს კლიენტების გაზრდილი რაოდენობა; საერთო ბიზნეს შედეგები აჩვენებს იმ ნდობასა და დაფასებას, რომელიც მოსახლეობამ პროკრედიტ ბანკს მისი სანდო და მაღალხარისხიანი მომსახურების გამო გამოუცხადა.
მომავალ წლებში ბანკი ბაზარზე პოზიციის განმტკიცებას შეეცდება და კვლავ პასუხისმგებლიანი საუკეთესო მომსახურების გაწევას განაგრძობს თავისი კლიენტებისა და ზოგადად, მოსახლეობისთვის.
|