2011 წლიდან პროკრედიტ ბანკმა დანერგა ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს. პროგრამა მოიცავს 6 თვიან ინტენსიურ თეორიულ სწავლებას და პრაქტიკას საბანკო საქმესა და ფინანსებში. კანდიდატების რაოდენობა 30-35-მდეა. ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამა, მონაწილეებს და პროკრედიტს აძლევს უნიკალურ შანსს, შეაფასონ თუ როგორ შეეფერება კანდიდატის უნარ-ჩვევები და პიროვნული ღირებულებები „პროკრედიტის მუშაობის მეთოდებს“. ეს არის პროკრედიტ ბანკში პროფესიული ზრდის წინაპირობა.
პროგრამა მოიცავს:
საბანკო საქმის, ფინანსებისა და ეკონომიკის ძირითად პრინციპებს;
ძირითად კონცეფციებს ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვისა და გლობალიზაციის საკითხების ირგვლივ;
კლიენტებზე ზრუნვისა და საბანკო მომსახურების შესავალს;
მათემატიკასა და ბუღალტერიას;
კონკრეტულ დავალებებსა და პროექტებს, რაც ანვითარებს მონაწილეების, როგორც ინდივიდუალურ ასევე მათი, როგორც ჯგუფის წევრების პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს;
პროკრედიტის საქმიანობის ფილოსოფიას და პროკრედიტის ისტორიას, რაც საშუალებას აძლევს კანდიდატებს აღმოაჩინონ ბანკის კორპორატიული კულტურა და ეთიკური პრინციპები, რომელიც ასახულია პროკრედიტ ბანკის ქცევის კოდექსში და გამოიყენება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
ამის გარდა, ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციური უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე, რაც მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას. კურსი მოიცავს, თეორიულ მეცადინეობებს და პრაქტიკულ ტრენინგებს პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში.
6 თვიანი კურსის თეორიული ნაწილის გავლა მოხდება ჩვენს ტრენინგ ცენტრში, რომელიც მდებარეობს დიღომში. ხოლო პრაქტიკურ სამუშაოებს ახალგაზრდა ბანკირები გაეცნობიან საქართველოს მასშტაბით პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა თუ სერვის პუნქტებში. სრული კურსის მანძილზე მონაწილეები ყოველთვიურად ღებულობენ სტიპენდიას, რომელიც შეიძლება განისაზღვროს მონაწილეების სამუშაო გამოცდილების მიხედვით. ბანკი ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფს რეგიონებიდან ჩამოსულ სტაჟიორებს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატებს „პროკრედიტ ბანკში“ დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა, ეს არ გულისხმობს ბანკის ან კანდიდატის მხრიდან შრომითი კონტრაქტის გაფორმების ვალდებულებას.
პროგრამის მსვლელობისას სრული დასწრება და მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა აუცილებლობას წარმოადგენს. პროგრამის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, კურსში მონაწილეობა დასრულდება პროკრედიტის მიერ ნებისმიერ დროს, ორკვირიანი წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.
იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრები, შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა / CV. რჩევები, აპლიკაციის წარმატებით შესავსებად ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე „ადამიანური რესურსების“ ნაწილში - „როგორ შემოგვიერთდეთ“.
გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამაში!
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის კურსდამთავრებული პროგრამის შესახებ
"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა საშუალებას გაძლევს ზოგადი წარმოდგენა შეიქმნა საბანკო მომსახურებაზე და იმაზე, როგორ ფუნქციონირებს საერთოდ ბანკი. აქ შესაძლებლობები ფართოა. შანსი გეძლევა იპოვო შენი ადგილი, სადაც ყველაზე კარგად შეძლებ საკუთარი თავის წარმოჩენას. ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის საშუალებით მივხვდი, რას ნიშნავს კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობა, რომელიც ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული და ეს ნდობა ჩვენი მოსაპოვებელია."