| პროკრედიტ ბანკმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში სახელწოდებით “ექსპო ჯერმანი”, რომელიც 15 სექტემბერს სასტუმრო “რედისონ სას ივერიაში” გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო გერმანიასა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების ხელის შეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო “ინვესტ ინ ჯორჯია”.
გამოფენა გახსნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ბ-ნმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, დოქტ. ქ-ნმა პატრიცია ფლორმა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე გერმანულმა კომპანიამ, საიდანაც 17 კომპანია წარმოადგენდა ბიზნეს-დელეგაციას, რომელიც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა. საქართველოსა და გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთი გაეცნოთ და განეხილათ მომავალში თანამშრომლობის პერსპექტივები.
პროკრედიტ ბანკი საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დამაარსებელი წევრია. კავშირი 2007 წელს დაფუძნდა და ამჟამად დაახლოებით 30 წევრი ჰყავს. კავშირის მისიაა დაეხმაროს იმ პოტენციურ გერმანელ ინვესტორებსა და გერმანულ კომპანიებს, რომელთაც სურთ ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ხელი შეუწყოს ორმხრივ ურთიერთობებს.
|