| ხუთშაბათს, 22 აპრილს, პროკრედიტ ბანკმა სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა და დირექტორმა მაია მერედოვამ 2009 წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
2009 წლის შემაჯამებელი ანგარიში
2009 წელი პროკრედიტ ბანკისათვის მორიგი წარმატებული წელი გამოდგა. ამ წელს ბანკმა სტაბილურად გაზარდა თავისი საქმიანობის მოცულობა, მკვეთრად იმატა ბანკის კლიენტების რაოდენობამ და ბანკმა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად 19.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება აჩვენა.
საკრედიტო პორტფელი: 2009 წელს, რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, პროკრედიტ ბანკის საკრედიტო პორტფელი 2.3%-ით მაინც გაიზარდა და 534 მილიონი ლარი შეადგინა. წლის პირველ ნახევარში კრედიტებზე დაბალი მოთხოვნისა და კრედიტის გაცემაზე უარის მაღალი მაჩვენებლის გამო, პორტფელის მოცულობა შემცირდა; თუმცა, წლის ბოლო ორ კვარტალში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, დაკრედიტება კვლავ აღდგა. მიუხედავად საქართველოში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა, რის შედეგადაც ბევრ კლიენტს შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა, საკრედიტო პორტფელის ხარისხი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და წლის ბოლოსთვის 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული კრედიტები მთლიანი პორტფელის მხოლოდ 1.76%-ს შეადგენდა. ანაბრები: 2009 წელს კლიენტთა სახსრები 30.9%-ით გაიზარდა და 384 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია 2008 წლის ივლისის, ანუ კრიზისამდელ მაჩვენებელზე (301 მილიონი ლარი). ვადიანი ანაბრები 24.1%-ით გაიზარდა და 191 მილიონ ლარს მიაღწია, შემნახველი ანგარიშები კი 26.4%-ით გაიზარდა და 105 მილიონი ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში ანაბრების მოცულობის ამგვარი ზრდა მოსახლეობის მხრიდან ბანკისადმი ნდობაზე მიანიშნებს.
ლიკვიდობა: წლის განმავლობაში ლიკვიდობა საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა. პროკრედიტ ბანკის ლიკვიდობის კოეფიციენტი სტაბილურად 34.3% იყო, რაც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ მინიმალურ 20%-ს.
ფინანსური შედეგები: პროკრედიტ ბანკმა 2009 წელი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით 19.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 46%-ით აღემატებოდა. ეს “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთთან 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისა და 2009 წლის გლობალური ეკონომიკური რეცესიის შედეგად გართულებული ვითარების ფონზე.
ფილიალების ქსელი: 2008 წლის განმავლობაში ფილიალების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდისგან განსხვავებით, გასულ წელს პროკრედიტ ბანკი არსებული ფილიალების ხარისხის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, რათა კიდევ უფრო უკეთესი მომსახურება შეეთავაზებინა თავისი კლიენტებისათვის. ამის გამო, 2009 წელს მხოლოდ სამი ახალი ფილიალი გაიხსნა, რითაც ფილიალების მთლიანმა რაოდენობამ 59-ს მიაღწია: სადღეღამისო რეჟიმში მომუშავე ერთი ფილიალი გაიხსნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა თბილისში რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან ახლოს. წლის ბოლოს კი ახლადაშენებული ფილიალი გაიხსნა წნორში, აღმოსავლეთ საქართველოს დიდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მქონე რაიონში.
ახალი სათავო ოფისი: 2009 წელს დაიწყო პროკრედიტ ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა. ამ დიდმასშტაბიან პროექტში ბანკი 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ყაზბეგის გამზირზე მდებარე სათავო ოფისის შენობის ფართი 12 000 კვ. მ. იქნება. იგი 500 ადამიანისათვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ფილიალსა და სატრენინგო ცენტრს. მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვისაა ნავარაუდევი.
ახალი სატრენინგო ცენტრი: პროკრედიტ ბანკი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტი, 2009 წელსაც განაგრძობდა თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა დიღომში ახალი სატრენინგო ცენტრი გახსნა, სადაც ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერებს ინგლისური ენისა და მენეჯერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ასათვისებლად ტრენინგი უკვე უტარდებათ.
2010 წლის სტრატეგია და სამომავლო გეგმები
გასული წლების ანალოგიურად, პროკრედიტ ბანკი 2010 წელსაც გააგრძელებს სიცოცხლისუნარიანი საწარმოების მხარდაჭერას, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად საგანგებო ყურადღებას დაუთმობს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესებს. 2009 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ძალიან მცირე მსესხებლებისთვის, რადგანაც ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეკონომიკური დაღმავლობის შედეგად დანაზოგის არქონის გამო, რითაც სესხის დაფარვას შეძლებდნენ, და ასევე წინა წლებში სამომხმარებლო სესხების ბუმით გამოწვეული დავალიანებების გამო. პროკრედიტ ბანკის ძალიან მცირე სესხების პორტფელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირდებოდა. სწორედ ამიტომ, 2010 წელს ბანკი კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული იმ ბიზნესების დაფინანსებაზე, რომლებსაც ზრდის პოტენციალი გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ, და რომლებიც შედარებით მდგრადობას ინარჩუნებენ ეკონომიკურ გარემოში მომხდარი ცვლილებებისადმი. ამ ბიზნესების მაღალპროფესიონალურად მხარდასაჭერად და მათთვის რეალური საბანკო პარტნიორობის გასაწევად პროკრედიტ ბანკი შეეცდება, კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიცია, როგორც მცირე ბიზნესების პარტნიორმა ბანკმა. 2009 წლის ანალოგიურად, არც 2010 წლისთვისაა ფილიალების ქსელის ფართომასშტაბიანი გაფართოება დაგეგმილი. ახალი ფილიალები გაიხსნება იმ ქალაქებში, სადაც პროკრედიტ ბანკი ჯერ არ არის წარმოდგენილი, ასევე გაიხსნება სერვის ცენტრები იმ ქალაქებში, სადაც ბანკს უკვე აქვს ფილიალები, რათა მისი მომსახურება კლიენტებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.
მაია მერედოვა, “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორი:
“2009 წლის განმავლობაში საქართველოს წინაშე წამოჭრილი ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, პროკრედიტ ბანკმა საქართველოს საბანკო ბაზარზე მყარი პოზიცია შეინარჩუნა. წლის განმავლობაში ბანკის კლიენტთა რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოზიდული სახსრების ოდენობა, სტაბილური დარჩა საკრედიტო პორტფელი და მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საერთო ჯამში, 2009 წელი ის წელი იყო, როცა “პროკრედიტ ბანკი, საქართველომ” დაამტკიცა, რომ იგი საკუთარი კლიენტების კომპეტენტური, სანდო პარტნიორია არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მძლავრი ეკონომიკური აღმავლობის დროს, არამედ ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცვლილებებისა და გაურკვევლობის პირობებშიც.”
|