| 14 მაისს, პროკრედიტ ბანკის რუსთაველის ფილიალში პროექტის “ProArt ფოტოგრაფია” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მოღვაწე თანამედროვე ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენას პროკრედიტ ბანკის ფილიალებში როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო საზოგადოება გაეცნობა. პროექტში 60-მდე პროფესიონალი, დამწყები და მოყვარული ფოტოხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.
ფოტოგამოფენის თემატიკა როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის აქტუალურ, ასევე პროკრედიტ ბანკის საქმიანობასთან დაახლოებულ საკითხებს მოიცავს. პროექტის მიზანიც სწორედ თანამედროვე ფოტოხელოვანების თვალით დანახული საქართველოს წარმოჩენაა. ფოტოხელოვანები პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს საზოგადოებას შემდეგ თემებზე შესთავაზებენ: საქართველოს ბუნება, გარემოს დაბინძურება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, სოფლის მეურნეობა საქართველოში, ბავშვები საქართველოში, ქართული კულტურა და საზოგადოება.
ფოტოგამოფენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე პროკრედიტ ბანკის ფილიალებში წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი ხელს შეუწყობს ფოტოხელოვანთა შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას, რითაც ხელოვნების ამ სფეროს შემდგომ განვითარებაში შეიტანს წვლილს.
პროექტი ProArt პროკრედიტ ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი სოციალური პროექტია, რომელიც თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისი ისტორია 2007 წლიდან იწყება, როცა 40-მდე ქართველმა მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინა.
მაია მერედოვა, პროკრედიტ ბანკის დირექტორი: “მოხარული ვარ, რომ პროექტი წარმატებით გრძელდება და იმედი მაქვს, რომ იგი საზოგადოებას საინტერესო ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს. ასევე ვიმედოვნებ, რომ პროექტი ფოტოხელოვნების სფეროში ახალი სახელების გამოჩენას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ბევრი საინტერესო ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. პროკრედიტ ბანკი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო ინსტიტუტი, დაინტერესებულია ქვეყანაში საინტერესო სოციალურ პროექტების განხორციელებით და მხარდაჭერით.”
|