Eng

2019 წლის პირველ ნახევარში პროკრედიტ ჯგუფი შთამბეჭდავ შედეგებს აღწევს და კიდევ უფრო იმყარებს საბაზრო პოზიციას

გამოქვეყნდა: 15.08.2019

2019 წლის პირველ ნახევარში პროკრედიტ ჯგუფი შთამბეჭდავ შედეგებს აღწევს და კიდევ უფრო იმყარებს საბაზრო პოზიციას

  • მთლიანი სასესხო პორტფელის 5.0%-იანი ზრდა წლის დასაწყისიდან (217 მილიონი ევრო)
  • წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უფრო მაღალი წმინდა საპროცენტო და საკომისიო შემოსავალი
  • 22.9 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი (2018 წლის პირველი ნახევარი: 26.7 მილიონი ევრო), რაც შესაბამისობაშია ჯგუფის მოლოდინებთან
  • საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მაგალითად, ევროპის საინვესტიციო ფონდთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური და „მწვანე“ ინვესტიციების დასაფინანსებლად იმ განვითარებად ბაზრებზე, რომლებზეც ჯგუფი საქმიანობს
  • მთელი წლის დადასტურებული პროგნოზი

მაინის ფრანკფურტი, 2019 წლის 14 აგვისტო - ProCredit Holding AG & Co. KGaA-სა (პროკრედიტ ჰოლდინგი) და პროკრედიტ ბანკებს, რომლებიც, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობენ და ამ ბაზრებზე პოზიციონირებენ, როგორც „მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ბანკები“, 2019 წლის პირველმა ნახევარმა მოლოდინები გაუმართლა. პროკრედიტ ჯგუფის მთლიანი სასესხო პორტფელი წლის დასაწყისიდან შთამბეჭდავი მაჩვენებლით, 217 მილიონი ევროთი, გაიზარდა (+5%) და 4.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

დაკრედიტებისას ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს სტაბილური, ფორმალიზებული სტრუქტურის მქონე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრად დაფინანსებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „მწვანე“ ინვესტიციების ხელშეწყობას, ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას და აგროსექტორის გაძლიერებას. პროკრედიტ ჯგუფის მიმდინარე სესხების 93% ბიზნესზეა გაცემული.

2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მომხმარებელთა ანაბრების მოცულობა 3.9 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს, წინა წელთან შედარებით, 63 მილიონი ევროს ოდენობის ზრდაა (1.7%). ფიზიკური პირების ანაბრებმაც იმატა, 2018 წლის კლებისგან განსხვავებით, რაც ჯგუფის ციფრული ProCredit DIRECT სტრატეგიის განხორციელებით განპირობებულ დადებით ტენდენციაზე მეტყველებს.

პორტფელის ზრდის კვალდაკვალ, 2019 წლის პირველ ნახევარში წმინდა საპროცენტო შემოსავალიც გაიზარდა და 92.7 მილიონი ევრო შეადგინა (2018 წლის პირველი ნახევარი: 92.1 მილიონი ევრო). წმინდა საპროცენტო მარჟა, რომელიც 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს 3.1%-ს გაუტოლდა, სტაბილური აღმოჩნდა და მეორე კვარტალის ბოლოს ამავე დონეზე იყო შენარჩუნებული. ეს მომავალში, პორტფელის ზრდის პარალელურად, მეტი წმინდა საპროცენტო შემოსავლის მიღების საწინდარია.

საკრედიტო რისკისგან დასაზღვევად შექმნილი რეზერვების ხარჯი 2019 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, 4.1 ევრომდე გაიზარდა (2018 წლის პირველი ნახევარი: -0,1 მილიონი ევრო). თუმცა, საერთო ჯამში, პორტფელის ხარისხი 2019 წლის პირველ ნახევარში გაუჯობესდა. უმოქმედო სესხების წილი მთლიან სასესხო პორტფელში 2.9% იყო, ანუ წინა წლის ბოლოსთვის დაფიქსირებულ ისედაც კარგ მაჩვენებელზე უკეთესი (2018 წლის 31 დეკემბერი: 2018 წლის 31 დეკემბერი: 3.1%). 2019 წლის პირველ ნახევარში რისკის დაფარვის კოეფიციენტიც გაუმჯობესდა - 2018 წლის 31 დეკემბერს თუ 90.8%-ს შეადგენდა, 2019 წლის 30 ივნისისთვის 94.9%-მდე გაიზარდა. 2019 წლის პირველ ნახევარში წმინდა ჩამოწერებმა 0.1% შეადგინა, ანუ ჩვეულ დაბალ დონეზე დარჩა.

წმინდა საკომისიო შემოსავალი 1.8 მილიონი ევროთი გაიზარდა (7.4%) და 25.8 მილიონი ევრო შეადგინა (2018 წლის პირველი ნახევარი: 24.0 მილიონი). ეს ზრდა, ძირითადად, პროკრედიტ ჯგუფის Direct Banking სტრატეგიის განხორციელების შედეგია.

საოპერაციო ხარჯების 2.1 მილიონი ევროთი, 83.5 მილიონ ევრომდე, ზრდა (2018 წლის პირველი ნახევარი: 81.4 მილიონი ევრო), მეტწილად, განპირობებული იყო ProCredit DIRECT კონცეფციის დანერგვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებებით.

-1.5 მილიონი ევროს ოდენობის შეწყვეტილი ოპერაციები, ძირითადად, მოიცავს „პროკრედიტ ბანკი კოლუმბიის“ დაგეგმილი გაყიდვის ოპერაციიდან მოსალოდნელ ზარალს. ეს ოპერაცია ამჟამად კოლუმბიის ოფიციალური ორგანოების მხრიდან დამტკიცების პროცესშია.

პროკრედიტ ჯგუფის მთლიანი კონსოლიდირებული შედეგი 2019 წლის პირველი ნახევრისთვის 22.9 მილიონ ევროს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.8 მილიონი ევროთი ნაკლებია (2018 წლის პირველი ნახევარი: 26.7 მილიონი ევრო), რაც ჯგუფის მოლოდინებს შეესაბამება.

პროკრედიტ ჯგუფის ეფექტურობის კოეფიციენტი (ხარჯების თანაფარდობა შემოსავალთან) 2019 წლის პირველ ნახევარში 70.7%-ს შეადგენდა, რაც ოდნავ აღმატება წინა წლის დონეს (2018 წლის პირველი ნახევარი: 70.2%). ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 2019 წლის 30 ივნისს 14.3% იყო, ანუ 2018 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებულ დონეზე შენარჩუნდა.

ჯგუფის „მწვანე პორტფელი“ 2019 წლის პირველ ნახევარშიც აგრძელებდა მკვეთრ ზრდას, კერძოდ, 34 მილიონი ევროთი გაიზარდა და 711 მილიონ ევროს გაუტოლდა. ამჟამად მასზე მთლიანი სასესხო პორტფელის 15.6% მოდის. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯგუფი თავისი კლიენტების „მწვანე“ და მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ბაზარზე მძლავრი პოზიციონირების წყალობით, 2019 წლის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა შეძლო შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება იმ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი ინიციატივების ხელშეწყობაზე.

2019 წლის ივლისში ევროპის საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში InnovFin საგარანტიო პროგრამის მეშვეობით ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობას, დამატებით, 800 მილიონი ევროთი გაფართოვდა და, ჯამში, 1.6 მილიარდი ევროს მთლიანი მოცულობა შეადგინა. ეს პროკრედიტ ჯგუფს დაეხმარება თავისი მიზნობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სასესხო პორტფელის ეფექტურად ზრდაში რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან მიმართებით და, ამავდროულად, ამ სესხების მაღალ დონეზე უზრუნველყოფაში.

2019 წლის მაისში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ხელშეკრულება გაფორმდა 90 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციებში განთავსების თაობაზე. ამ ხელშეკრულებას აღმოსავლეთ ევროპაში ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის და ეკოლოგიური ღონისძიებების სფეროებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების „მწვანე“ ინვესტიციების დაფინანსებისთვის („მწვანე სესხები“) უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომპანიის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს წლის განმავლობაში მთლიანი სასესხო პორტფელის 10-13%-იანი ზრდის პროგნოზს. ჯგუფი ასევე ადასტურებს ეფექტურობის 70%-ზე დაბალი კოეფიციენტის და 48 მილიონი ევროდან 55 მილიონ ევრომდე კონსოლიდირებული შედეგის პროგნოზს. ჯგუფის მოლოდინით, ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13%-ზე მაღალი დარჩება.

ჯგუფის ნახევარწლიური ანგარიში ხელმისაწვდომია გერმანულ და ინგლისურ ენებზე პროკრედიტ ჰოლდინგის ვეგბვერდზე „ინვესტორებთან ურთერთობის“ სვეტში: https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/financial-reports/.

საკონტაქტო პირი:

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების დეპარტამენტი, პროკრედიტ ჰოლდინგი,

ტელ.: +49 69 951 437 138, ელფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის შესახებ

ProCredit Holding AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ბანკებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე. ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიურ ლისტინგში. ProCredit Holding AG & Co.KgaA-ს მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), ჰოლანდიური DOEN Participaties BV, KfW განვითარების ბანკი და საერთაშორისიო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი). საბანკო საქმიანობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად, ProCredit Holding AG&Co, KGaA- კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და გერმანიის ბუნდესბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

ეს პრესრელიზი შეიცავს განცხადებებს ჩვენი სამომავლო ბიზნესოპერაციების და მომავალი ფინანსური შედეგების პარამეტრების, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგთან დაკავშირებული სამომავლო მოვლენების ან გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საპროგნოზო განცხადებებად. ეს განცხადებები ეყრდნობა პროკრედიტ ჰოლდინგის ხელმძღვანელობის დღევანდელ მოლოდინებს და გარკვეულ დაშვებებს. შესაბამისად, მათზე მოქმედებს სხვადასხვა რისკი, განუსაზღვრელობა და გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელთა უმრავლესობა არ ექვემდებარება პროკრედიტ ჰოლდინგის მხრიდან კონტროლს. რომელიმე რისკის ან განუსაზღვრელობის დადგომის შემთხვევაში, ან თუ აღმოჩნდება, რომ მოლოდინები არ სრულდება ან დაშვებები არაზუსტია, პროკრედიტ ბანკის რეალური შედეგები, საქმიანობა და წარმატება შეიძლება განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებში პირდაპირ ნახსენები ან ნაგულისხმევი შედეგებისგან და იყოს არსებითად უკეთესი ან უარესი. პროკრედიტ ჰოლდინგი არ იღებს ვალდებულებას, განაახლოს საპროგნოზო განცხადებები ან მათში ცვლილებები შეიტანოს მოსალოდნელისგან განსხვავებული შედეგების დადგომის შემთხვევაში.