Eng

პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–თან ერთად იწყებს

გამოქვეყნდა: 10.02.2021

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო EDGE სერტიფიკატი მოიპოვა. EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა - IFC-მა ნაგებობებში რესურსების ეფექტურობის შეფასების მიზნით შექმნა. EDGE სტანდარტის მისაღწევად, შენობა 20%-ით ნაკლებ ენერგიას, წყალს და მასალებში მატერიალიზებულ რესურს უნდა ხარჯავდეს, ადგილობრივ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. ამ პრესტიჟული სერტიფიკატის მიღება პროკრედიტ ბანკისთვის მორიგი მწვანე ინიციატივის შექმნის მოტივაციაც გახდა, რაც ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, ბანკმა დაფინანსების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაც კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე მშენებლობის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას (სტანდარტულს -0.5%). Sintali-SGS კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. ამ პარტნიორობის საშუალებით, პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის.

პროგრამის გაცნობა აუდიტორიისთვის 11 თებერვალს, 17:00სთ-ზე იგეგმება, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში.

ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: დარეგისტრირდით ახლა

რატომ მწვანე მშენებლობა?

მწვანე მშენებლობას ბევრი სარგებელი მოაქვს. სერტიფიცირებულ მწვანე ნაგებობებს უფრო მეტი ღირებულება და ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯები აქვს. მწვანე ნაგებობის უპირატესობები: ბრენდის იმიჯის და ბაზარზე ცნობადობის ზრდა, აგრეთვე საერთაშორისო ინვესტორების მეტი დაინტერესება, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა სპეციალური საპროცენტო განაკვეთით და კომპანიის სოციალური პასუხიმგებლობის მესამე მხარის მიერ დადასტურება.

„მწვანე შენობები მსოფლიო ტენდენცია და საქართველოს ახლო მომავალია. პროკრედიტ ბანკმა უკვე გაიარა ეს პროცესი და ახლა მზად არის მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად და სხვა ბიზნესების მხარდასაჭერად. სემინარზე დარეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ პირველებმა გაიგონ ინოვაციური პროექტის პირობები, გაეცნონ EDGE სერტიფიცირების პროგრამას და გაიგონ მეტი მწვანე მშენებლობის სარგებელზე. Sintali-SGS–თან დაწყებული თანამშრომლობაც ბიზნესის მწვანე მშენებლობებით დაინტერესებას, ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. ვიმედოვნებთ, რომ ამ ახალი მომსახურების მიწოდებით და დამატებითი წამახალისებელი საშუალებების შეთავაზებით, ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას.”- განმარტავს ქეთევან კეკელაშვილი,პროკრედიტ ბანკის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი.