Eng

ენერგოეფექტურობის შესახებ

ენერგოეფექტურობა გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნას. მაგალითად,

  • დიოდური ნათურა (LED) ჩვეულებრივ, ვარვარების ნათურასთან შედარებით 85%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს იმავე ოდენობის სინათლის მისაღებად
  • ძველი (10-წელი და მეტი) პურის წარმოების ხაზის ახლით ჩანაცვლება ენერგიის მოხმარებას 30%-ით ამცირებს


რატომ არის ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი?

ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პრობლემებით.

საქართველოს არ აქვს ნავთობისა და გაზის დიდი რესურსი. ენერგიის დაახლოებით 75% იმპორტირებულია. ამიტომ ენერგოეფექტური პროექტების მხარდაჭერით შემცირდება ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე, გაუმჯობესდება ენერგიის უსაფრთხოების დონე და შემცირდება გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.


რას ნიშნავს განახლებადი ენერგია?

განახლებადი ენერგია არის ენერგია, რომელიც იწარმოება ამოუწურავი ამ მუდმივად განახლებადი ბუნებრივი რესურსებისგან, როგორებიცაა: მზე, ქარი, წყალი, გეოთერმული ენერგია და ბიომასა.

საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროელექტრო პოტენციალი გააჩნია, რადგან ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსების წილის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველო საკუთარი ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 18%-ს იყენებს.

მაგ. მცირე და მიკრო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა პერსპექტიულია წარმოებებისთვის (საკუთარი კვების წყარო), რომლებსაც ენერგიის დიდი დანახარჯები აქვთ და მაღალმთიანი რეგიონებისთვის სადაც ელ. ენერგიის მიწოდება სადენებით არ ხდება.

დღეისთვის გეოთერმული წყლები გამოიყენება რაიონის ცენტრალული გათბობისთვის, სათბურის გათბობისა და რეკრეაციული მიზნებისთვის. საქართველოში გეოთერმული წყლების საერთო მარაგი დღეში 160,000 კუბურ მეტრს აღემატება. ამ რესურსების 80% ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოიპოვება, მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.
მაგ. ქვეყანაში გეოთერმული წყლების ათვისებული რაოდენობა, ძირითადად გამოყენებულია სათბურების გათბობისათვის, თუმცა არსებული წყლის პოტენციალი გაცილებით მეტი ობიექტის მომარაგების საშუალებას იძლევა.

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ქარის ელეტქროსადგურებისთვის ყველაზე შესაფერისი ტერიტორიებია კავკასიის მაღალმთიანი ზონა, სამხრეთ საქართველოს ზეგანი (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთის სამხრეთი ნაწილი).

მაგ. ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს ქარის რესურსების კვლევა, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ბიზნეს სექტორს მიიღოს მოცემული გეოგრაფიული ზონის კონკრეტული მონაცემები.

გეოგრაფიული მდებარეობა უზრუნველყოფს საქართველოს მზის მაღალი რადიაციითაც, მზე ენერგიის საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა წყაროა. მზიანი დღეები წელიწადში 250-280 დღეს შეადგენს. მზის ენერგიის გამოყენება შესაძლებელია წყლის გაცხელებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

მაგ. მზის წყლის გამაცხელებლელ ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიცია მოკლე პერიოდში იძლევა მოგებას და ტექნიკურად ადვილად შესასრულებელია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის (მაგ. ზაფხულის პერიოდში მომუშავე სასტუმროები), ასევე ფიზიკური პირებისთვის.


რას ნიშნავს გარემოსადმი მეგობრული ინვესტიცია?

ღონისძიებები, რომლებიც ახდენენ პირდაპირ და არაპირდაპირ პოზიტიურ ზემოქმედებას გარემოზე, ხელს უწყობენ რესურსების დაზოგვას. მსგავსი ინვერსიტიები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

  • ნიადაგის/ჰაერის და წყლის დაცვა, მაგ. ჰაერის ფილტრი, წყლის გამწმენდი ნაგებობა, ტყის გაშენება, სანაპიროს გამაგრება და ა.შ
  • ნარჩენების უტილიზაცია და მართვა, მაგ. ნარჩენების დახარისხება, ქაღალდის, პლასტმასის და სხვ. გადამუშავება
  • გარემოსდაცვითი/ენერგო სექტორის მომსახურება, მაგ. შენობის მართვის სისტემის დაყენება, ენერგო აუდიტი, ენერგო კონსულტაცია და ა.შ
  • პროდუქციის სერტიფიცირება, მაგ. ორგანული სოფლის მეურნეობა, ეკო ეტიკეტი და ა.შ

იცით თუ არა რომ …

  • დიოდური ნათურა მინიმუმ 7-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ტრადიციული ვარვარების ნათურასთან შედარებით
  • კედლების, სახურავის თბოიზოლაციით და ერთმაგი შემინვის ფანჯრების ჩანაცვლებით ორმაგი მინა პაკეტით შესაძლებელია გათბობის ხარჯების შემცირება 50%–ით
  • ერთი მონიტორი მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით) მოიხმარს ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს
  • ზედმეტი წონა ზრდის საწვავის მოხმარებას. ყოველი ზედმეტი 50 კგ მსუბუქ ავტომობილებში საწვავის მოხმარებას 1-2%-ით ზრდის
  • საწვავად ბენზინის მაგივრად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფა მინიმუმ 20%-ით შემცირდება. ამასთან ერთად, ეს ეკონომიკურადაც მომგებიანიცაა

იყავი ენერგოეფექტური პროკრედიტ ბანკთან ერთად!