Eng

პროკრედიტ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნდა: 15.10.2015

2015 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ლაშლო ბარანიაიმ ხელი მოაწერეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, რომელიც სრულად მოხმარდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.

პროკრედიტ ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. ახალი ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო ხაზის მთლიანი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს და პირველი ნაწილის, 5 მილიონი ევროს ათვისება უახლოეს მომავალში მოხდება.

პროკრედიტ ბანკის მთავარ მიზნობრივ ჯგუფს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტები წარმოადგენენ, შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მოზიდული რესურსი, ხელს შეუწყობს ბიზნეს სესხებზე მიმზიდველი და კონკურენტული პიროებების შეთავაზებას პროკრედიტ ბანკის მხრიდან, რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარებას და წინსვლას დაეხმარება.

„ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით აქტიურად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების დაფინანსებას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებას“ - განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ

„საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ბიზნეს ინვესტიციებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ასეთ რესურსებს. აღნიშნული პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებაზე.“ აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ლაშლო ბარანიაიმ.