Eng

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან?

გამოქვეყნდა: 7.02.2020

ტექნოლოგიების საუკუნეში, როდესაც ინოვაციური სერვისები მუდამ ხელმისაწვდომია, მნიშვნელოვანია სიფრთხილით მოვეკიდოთ მათ გამოყენებას კიბერთაღლითებისგან თავის დასაცავად.
კიბერთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ფიშინგი, რომლის მიზანიც თაღლითური გზით მომხმარებლის საბანკო მონაცემების მოპოვება და დისტანციური არხებით არაავტორიზებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებაა.
მსგავსი შეტევის დროს კიბერთაღლითებმა შესაძლოა, გამოიყენონ:
ელ.ფოსტა
კიბერკრიმინალების მიერ გამოგზავნილი შეტყობინება, როგორც წესი, სანდო წყაროსგან მიღებულ შეტყობინებას ჰგავს, მათ შორის ბანკის, ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ კერძო პირის, რომელთანაც შესაძლოა კავშირი გქონდეთ. წერილში ხშირად არის ვებ-გვერდის ბმული, რომლის ვიზუალური მხარე არ განსხვავდება ნამდვილისგან.
• ელ. ფოსტის მიღებისას, რომელიც თქვენგან ბმულზე გადასვლას ან მიმაგრებული ფაილის გახსნას ითხოვს, ყურადღებით გაეცანით შეტყობინებას და შეამოწმეთ გამომგზავნი; არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას, პირადი ან საბანკო ინფორმაციის (მაგ., ბარათის ნომრის, მომხმარებლის პაროლის, ავტორიზაციის კოდის) დაფიქსირებას და/ან დადასტურებას.
სატელეფონო ზარი
კიბერკრიმინალების მიერ, ასევე, გამოიყენება თაღლითური სქემები მობილური ტელეფონის/ზარის საშუალებით. თაღლითები შესაძლოა, დაგიკავშირდნენ ბანკის ან ნაცნობი ორგანიზაციის/პირის სახელით და სატელეფონო საუბრის დროს მოგთხოვონ კონფიდენციალური ინფორმაცია (ბარათის ნომერი, მომხმარებლის პაროლი ან ავტორიზაციის კოდი), არაავტორიზებული ფინანსური ოპერაციის განხორციელების მიზნით, რომელსაც, როგორც წესი, თქვენთან საუბრის პარალელურად განახორციელებენ. გახსოვდეთ, რომ:
• ბანკი არასოდეს დაგიკავშირდებათ მოცემული მონაცემების მოსაპოვებლად.
• ყოველთვის თავად უნდა დააფიქსიროთ ბანკის მიერ ავტორიზებულ ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში საჭირო ავტორიზაციის პარამეტრები და/ან კოდები.
• მოცემული მონაცემების დაფიქსირებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ იმყოფებით ბანკის მიერ ავტორიზებულ ვებ-გვერდზე.
დამატებით ინფორმაციას საბანკო სერვისების უსაფრთხოების შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდსა და ინტერნეტ ბანკინგის საწყის ბმულზე.